logo_geo
eng_logo
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღიკვეთება ვიზიტორთა ჯგუფების უკონტროლო ქმედებები...
- +

30 ივლისი. 2019. 13:07

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროებითი ღონისძიებებით ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ვიზიტორთა ჯგუფების უკონტროლო ქმედებები აღიკვეთება.

 

უწყების ცნობით, ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კომპლექსზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს.

 

„ვითარების კომპლექსურ გადაწყვეტამდე, რაც მომდევნო წლიდან ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული მოწყობის პროექტის წარმართვას ითვალისწინებს, პრევენციულ გადაწყვეტილებებს სააგენტო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთობლივად შეიმუშავებს.

 

არსებული გარემოებიდან გამომდინარე, დროებითი ღონისძიებებით ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღიკვეთება ვიზიტორთა ჯგუფების უკონტროლო ქმედებები, რაც უპირველესად უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფითა და ძეგლთა დაცვითი პრინციპებით იქნება ნაკარნახევი. პრევენციული გადაწყვეტილებების შედეგად გამოირიცხება ვიზიტორთა ჯგუფების მიერ არქიტექტურული კომპლექსის ცალკეული სტრუქტურული სეგმენტების მექანიკური დაზიანებების ალბათობა და გამოუსწორებელი ხარვეზების შექმნის რისკი“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

 

„საყდრისის დაცვის კომიტეტმა“ გუშინ ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის რეგულაციების ამოქმედება მოითხოვა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner