logo_geo
eng_logo
"მშვიდობისმყოფელები სვანეთის მთებში" - ფილმი აფხაზეთის ომში უკრაინელი სამხედრო მფრინავების ღვაწლზე
- +

16 ოქტომბერი. 2019. 23:31

 

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დღეს, 16 ოქტომბერს, თავდაცვის სამინისტროს "არმი ჰოლში", საქართველოში უკრაინის საელჩოს ინიციატივით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, უკრაინელი რეჟისორის, მიროსლავ გაის დოკუმენტური ფილმის "მშვიდობისმყოფელები სვანეთის მთებში" ჩვენება გაიმართა.

 

ფილმში ასახულია 1993 წელს, აფხაზეთის ომში უკრაინელი სამხედრო მფრინავების ღვაწლი, რომელთაც სოხუმის დაცემის შემდეგ, სამხედრო ვერტმფრენებით, 300-მდე გაფრენა განახორციელეს და საქართველოს 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გარდაუვალ სიკვდილს გადაარჩინეს.

 

1993 წელს, აფხაზეთის ომში, 300-მდე უკრაინელმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა. უკრაინელი სამხედროები  აფხაზეთის თითქმის ყველა ცხელ წერტილში იბრძოდნენ. მათ შორის, მონაწილეობდნენ სოხუმის გარშემო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლეების დაცვაში, შემდეგ კი ქართველი მოსახლეობის ევაკუაციაში კოდორის ხეობისკენ და იქიდან- სვანეთში.

 

ფილმის ჩვენების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიხსენა საქართველოსა და უკრაინას შორის სამაგალითო მეგობრობა; „ჩვენს ქვეყნებს ერთნაირი ხვედრი ერგოთ; ერთი მტრის გამო, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გვაქვს. მეგობარი ჭირში შეიცნობა და ჩვენ, უკრაინელებმა და ქართველებმა ეს არა ერთგზის დავამტკიცეთ, ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლით საქართველოსთვის და უკრაინისთვის.’’

 

ემოციური იყო  საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის, უკრაინიდან ჩამოსული  სამხედრო მფრინავების, ‘’სვანეთის მთებში მშვიდობისმყოფელების, ვლადიმერ გარკუშას, ოლეგ ტარჩევსკის, გიორგი ჩიბისოვის გამოსვლა, რომლებმაც გაიხსენეს მძიმე, ურთულესი დღეები ბრძანების მიღებიდან ბოლო მშვიდობიანი მოქალაქის სამშვიდობოზე გამოყვანამდე:’’ როცა უკიდურეს გასაჭირში ჩავარდნილი ქართველი ბავშვები, ქალები, მოხუცები დავინახეთ, რომლებიც გარდაუვალი სიკვდილისთვის იყვნენ განწირულნი, წამითაც არ დავფიქრებულვართ, რისკზე მივდიოდით და 24-ის ნაცვლად, გაცილებით მეტს ვსვამდით შვეულმფრენში, რადგან არ შეგვეძლო, უმწეო, განადგურებული დევნილები, გასაყინად გაგვემეტებინა... და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი’’_ განაცხადა ოლეგ ტარჩევსკიმ.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი ყარყარაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, შალვა ჯაბახიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადეს იმ გაწეული ღვაწლისთვის, მეგობრობისთვის და თანადგომისთვის, რაც მათ ქართველების მიმართ, აფხაზეთის ომში თავგანწირვის ფასად გამოავლინეს.

 

ღონისძიების ფარგლებში "არმი ჰოლში" წარმოდგენილი იყო პავლე პაშენკოს ფოტგამოფენა სახელწოდებით: "სამშვიდობო ოპერაცია სვანეთში".

 

ფილმის ჩვენებას, ასევე,  დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, უკრაინის ატაშე თავდაცვის საკითხებში, გენერალ-მაიორი, იგორ ოსტაპენკო, სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ევგენი ორლოვი, ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის თავმჯდომარე, აკაკი ვაშაკიძე, საქართველოს "გენერალთა კლუბის" წევრები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი ჯარისკაცები, ვეტერანები. 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner