logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პოლიტიკური მიზანი ერთი აქვთ - ხელისუფლებაში მოვიდნენ ჭირისუფლის დახმარებით
- +

6 აგვისტო. 2020. 13:06

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „POSTV“-ის ეთერში გიორგი შაქარაშვილის და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მედიის და ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა  და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება უზნეობად შეაფასა.

 

„ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი თავის დამოკიდებულებაში უბედურების მიმართ, გაცილებით უფრო დახვეწილია, ვიდრე შეიძლება ჭირისუფალს ეს განცდა ჰქონდეს სხვა საკითხების ან სხვა ადამიანების მიმართ. ეს ოჯახი - დედა, მამა, სხვა ახლობლები, რასაკვირველია, თანადგომას იმსახურებენ, ჯერ მაინც პირველი დღეებია, მაგრამ დრო რომ გავა, შვილის გარდაცვალების დარდის ზიდვა, უძნელესი იქნება. სამძიმარი ჩვენი ხასიათია, სამძიმარი გარდაცვლილის ოჯახის მიმართ ჩვენი ნიშანია, რითიც ჩვენ განვსხვავდებით იმ ადამიანებისგან, ვინც დაესია და შაქარაშვილის დედა გალანძღა და დაგმო. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა გულწრფელი დამოკიდებულება და არა თამაში. განსხვავება ჩვენს შორის ეგ არის - მათ შეუძლიათ, შენი ოჯახის წევრი, ახალგაზრდა შვილი ან შვილიშვილი დაიჭირონ, შენზე ზეგავლენის მოსახდენად საშინელ დღეში ჩააგდონ, ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ეს მორალური განსხვავებაა ჩვენ შორის.

 

არის კიდევ ერთი თემა - აშკარად იკვეთება, რომ ვიღაცამ ეს ტექსტი ჩამოაყალიბა და ხალხის გარკვეული რაოდენობა არსებობს, ვისაც შესაძლოა სჯეროდეს, რომ სამი ვიღაც „ბობოლა“ ჩინოვნიკი ზის და რაღაცა ისეთი მაკომპრომეტირებელი აღმოაჩინეს მათზე, რომ მათ მკვლელობა დაუკვეთეს. აბსურდული განცხადება კეთდება, რომ „ჩვენ არ დავასახელებთ მათ გვარებს მანამდე, სანამ ჩვენ არ მოვალთ და თქვენ, ჭირისუფალნო, ხელი უნდა შეგვიწყოთ, რომ დესტაბილიზაცია და დაძაბული ატმოსფერო იყოს შენარჩუნებული. ჩვენ მოვალთ და თქვენი შვილის მკვლელობის საქმეს გამოვიძიებთ“. ესეც როგორი უზნეობაა! მე ვერ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში არსებობდეს ჟურნალისტი, რომელმაც მკვლელობის გარემოება იცის და არ ამბობს, იმის გამო, რომ მას ამის უფლება აქვს. და რატომ არ ამბობს? იმიტომ, რომ პოლიტიკური მიზანი ერთი აქვს - ხელისუფლებაში მოვიდნენ ჭირისუფლის დახმარებით და შემდეგ ჭირისუფალს ეშველება და იქნება ნათელი მომავალი. ეს არის თემა, რომელსაც არა მარტო უზნეობა ჰქვია, არამედ გვიჩენს კონკრეტულ ეჭვებს, რომ ამათ არჩევნები არ უნდათ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner