logo_geo
eng_logo
ოთარ ჩოკოშვილი: ტუჩებზე მცირე ზომის ჭრილობების დროს, კოცნა ისევე სახიფათოა, როგორც სექსი თავდაცვის გარეშე!
- +

17 თებერვალი. 2016. 17:48


სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა შესახებ თითქმის ყველამ იცის, მაგრამ ბევრს წარმოდგენაც კი არა აქვს, რა საფრთხეს შეიცავს კოცნა, თუ პარტნიორი ჯანმრთელი არ არის - მის ნერწყვში, შესაძლოა, საშიში ვირუსები და ბაქტერიები აღმოჩნდეს. სპეციალისტთა თქმით, ჰერპესის გარდა, არსებობს ათზე მეტი დაავადება, რომლებიც კოცნით გადადის, მათ შორის - სიცოცხლისთვის სახიფათო.


ვენერიულ სნეულებებზე არანაკლებ უსიამოვნო დაავდებები შეიძლება აიკიდოთ, თუ პირის ღრუში მიკრონახეთქები ან სხვა დაზიანებები გაქვთ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კოცნით პარტნიორები კიდევაც კურნავენ ერთმანეთს.


ოთარ ჩოკოშვილი, ექიმი-ეპიდემიოლოგი: - კოცნის დროს სისხლძარღვები ფართოვდება, წნევა მაღლა იწევს (უმნიშვნელოდ), გული უფრო ძლიერად ფეთქავს, მამაკაცების პულსი წუთში საშუალოდ - ას ათი, ქალების კი ას რვა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ასეთი გააქტიურება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ორგანიზმს უფრო მეტი ჟანგბადი მიეწოდება. გარდა ამისა, გამოიყოფა სქესობრივი ჰორმონები - ადრენალინი, ოქსიტოცენი, სისხლში კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის დონე კი მცირდება.


კოცნა რომანტიკული ურთიერთობის მნიშვნელოვანი ელემენტია და სხვადასხვა ხალხის კულტურაში უძველესი დროიდან არსებობს. ცხოველებიც კი კოცნიან ერთმანეთს. იგი ადამიანებს შორის ინფორმაციის გაცვლის საშუალებაა - სუნი და გემო ქიმიური კომუნიკაციის არხებია, რომლებიც ქვეცნობიერად გვეუბნებიან, შეგვეფერება თუ არა პარტნიორი. 2009 წელს მსოფლიომ ოფიციალურ მეცნიერებად აღიარა ფილემატოლოგია, რომელიც კოცნის სხვადასხვა ასპექტს შეისწავლის!


ოთარ ჩოკოშვილი: - კოცნა ხსნის სტრესს, დაძაბულობას, ტკივილს და ადამიანს სიხარულს ანიჭებს. სპეციალისტთა თქმით, კოცნის დროს სახის 30-ზე მეტი კუნთი მუშაობს, რაც კანს სიმკვრივეს უნარჩუნებს და უკეთ ამარაგებს სისხლით.


ნერწყვში უამრავი ბაქტერიაა, რომლებიც დაავადებებს არ იწვევენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათი 80 პროცენტი ყველა ადამიანისთვის ერთნაირია, ხოლო 20 პროცენტი - ინდივიდუალური. კოცნის დროს ნერწყვის საშუალებით ერთი პარტნიორის ბაქტერიები მეორის პირის ღრუში ხვდება და პირიქით. სწორედ ეს უცხო ბაქტერიები აძლიერებენ იმუნურ სისტემას ანტისხეულების წარმოქმნით. სპეციალისტები ამას ჯვარედინ იმუნიზაციას უწოდებენ, რაც ინფექციებთან ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს.


სტომატოლოგების თქმით, კოცნის დროს ძლიერდება ნერწყვის გამოყოფა, რომელიც მდიდარია კალცისა და ფოსფორის შენაერთებით და ემალში შეღწევისას კბილებს კარიესისგან იცავს, მაგრამ ნერწყვში სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ვირუსები და ბაქტერიებიც არიან!


ოთარ ჩოკოშვილი: - თუ პარტნიორებს პირის ღრუში ან ტუჩებზე მცირე ზომის ჭრილობები აქვთ, კოცნა ისევე სახიფათოა, როგორც სექსი თავდაცვის გარეშე. შესაძლოა, ისეთი უსიამოვნო დაავადებები გადაგედოთ, როგორიცაა სიფილისი, გონორეა და ქლამიდიოზი. ერთმანეთის პირის ღრუში ღრმად შეღწევის დროს მენინგოკოკური ინფექციის გადადების საშიშროებაც კი არსებობს.


მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს, რომ კოცნით შესაძლებელია, გასტრიტი და კუჭის წყლულიც აიკიდოთ. სეციალისტთა თქმით, ადამიანის პირის ღრუს ბაქტერიების შემადგენლობა თითოეული ჩვენგანისთვის უნიკალურია და მასზე, უმეტესწილად, ეთნიკური კუთვნილება ახდენს ზეგავლენას. მშობლების საყურადღებოდ! - შვილებს ტუჩეში ნუ აკოცებთ, რადგანაც, შესაძლოა, კარიესის გამომწვევი ბაქტერიები გადასდოთ. ზრდასრულ ადამიანს მათი საწინააღმდეგო ანტისხეულები აქვს, ბავშვს კი - არა.


ოთარ ჩოკოშვილი: - კოცნით გადადის, ასევე ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომელიც ნერწyვით ვრცელდება.


- სხვა რა დაავადებები გადადის კოცნით?

 

- B ან C ჰეპატიტი, თუ დაავადებულ პარტნიორს პატარა ჭრილობები აქვს ტუჩებზე ან პირის ღრუში.


- აივ-ინფექციის შესახებ რას გვეტყვით?

 

- კოცნით მისი გადადების შესახებ ნობელის პრემიის ლაურეატმა ლუკ მონტანიემ განაცხადა. მან მსოფლიოში პირველმა აღმოაჩინა, რომ შიდს-ს აივ-ინფექცია იწვევს. ლუკ მონტანიეს თქმით, სანერწყვე ჯირკვლებს შეუძლიათ, მოაგროვონ ვირუსის კომპონენტები, რომლებიც ღრმა კოცნის დროს ნერწყვით გადადის.


- თუ არ ვცდები, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული მთელ მსოფლიოში...

 

- 2009 წელს ჩატარებული კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ადამიანის პაპილომა-ვირუსი (HPV) ღრმა კოცნით გადადის, ისევე, როგორც ციტომეგალოვირუსი და ჰერპესი.


- სხვათაშორის, ჰერპესი მოსახლეობის 90 პროცენტს აქვს ფარული ფორმით...

 

- ჰერპესი სახიფათოა, როცა აქტიურდება და ტუჩებზე გამონაყარი ჩნდება. სწორედ ამ დროს უნდა ვერიდოთ პარტნიორს, სხვა შემთხვევაში, საშიში არ არის. საერთოდ, კოცნით გადამდები  დაავადებებისგან თავის დასაცავად პირის ღრუს უნდა მივხედოთ, რადგანაც ტუჩების, ლოყების, ღრძილების ან ენის ლორწოვანი გარსის დაზიანებამ შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.


- ცნობილია, რომ ჰერპესს „კოცნის დაავადებასაც" უწოდებენ...

 

- ჰერპესვირუსის 4 ტიპის კოცნით გადადება დადასტურებული ფაქტია, ამიტომაც უწოდებენ „კოცნის დაავადებას". საერთოდ, ავადმყოფის ნერწყვში ძალიან დიდი რაოდენობით ჰერპესის ვირუსია და ზოგჯერ უბიწო ამბორიც საკმარისია, რომ პარტნიორის ნერწყვში მოხვდნენ.


- ნუთუ კოცნა ასე სახიფათოა?

 

- დიახ, სახიფათოა, თუ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს არ ვერიდებით და პარტნიორებს ხშირად ვიცვლით. სახიფათოა მაშინაც, როცა არ ვიცავთ პირად ჰიგიენას და საკუთარი ჯანმრთელობისადმი უყურადღებობას ვიჩენთ.

 

 

 

ესაუბრა ნინო გოძიაშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner