logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე სმს-მიმოწერას ასაჯაროებს - რა პასუხი მისწერა ალეკო ელისაშვილმა ვიცე-სპიკერის თანაშემწეს?
- +

16 თებერვალი. 2016. 18:27


ტელემედიაში მიმდინარე მოვლენებმა გარკვეულწილად შეწყალების სკანდალი გადაფარა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს თემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. მალე ალასანიას პარტია პარლამენტში ამ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს და ცხადია, პოლიტიკური შეფასებებიც კვლავ გააქტიურდება.


თავად ელისაშვილი პროკურატურას საქმის ჩაფარცხვაში ადანაშაულებს, მის მიერ კორუფციაში მხილებული დეპუტატები კი შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს მათი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს სთხოვენ.


ელისაშვილს არც პროკურატურისთვის და არც საზოგადოებისთვის ჯერჯერობით ყბადაღებული მესიჯები არ წარუდგენია. შესაბამისად, ამ დრომდე გაურკვეველია მიმოწერის შინაარსი. მანანა კობახიძე კი ადასტურებს, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე ელისაშვილს მოკლე ტექსტური შეტყობინება ნამდვილად გაუგზავნა, მისგან პასუხიც მიიღო, თუმცა ვიცე-სპიკერი რაიმე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს. უფრო მეტიც, კობახიძე ამბობს, რომ ელისაშვილთან მსგავსი მიმოწერა სხვა საქმეზე მის ამჟამინდელ თანაშემწესაც ჰქონდა. ჩვენ ამ მიმოწერის შესახებ კობახიძის თანაშემწეს, თამარ მჟავანაძესაც ვესაუბრეთ, თუმცა სანამ მის მოსაზრებას გაგაცნობთ, მოდით, ვნახოთ თავად შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის კომენტარი, რომლითაც ის პროკურატურას საქმის ჩაფარცხვაში ადანაშაულებს. ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა ბესელია-კობახიძეს ანგარიშს ყოველდღიურად აბარებს.


„პროკურატურისგან, როგორც ჩაფარცხვის დაწესებულებისგან, გაუგებარია, რატომ გამოაქვეყნეს ჩვენი ტელეფონის ვიზუალური დათვალიერების შედეგები, მაშინ როდესაც ექსპერტიზა არ დასრულებულა. ეს არის პოლიტიკური მხარე - პროკურატურა არის სამარცხვინო, ჩაფარცხვის დაწესებულება, რომელსაც ხელმძღვანელობს კეზერაშვილის მაღალჩინოსანი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსანი ირაკლი შოთაძე. მისგან ეს მოსალოდნელია. ბოლო პერიოდში კონტაქტი არ მქონია გამომძიებელთან, თუმცა დარწმუნებული ვარ, ბესელია-კობახიძეს ყოველდღიურ ანგარიშს აბარებს პროკურატურა... ისეთი თემები წამოტივტივდა ბესელია-კობახიძის ირგვლივ, პროკურატურაც კი ვერ გაექცევა, რომ ეს საკითხები არ დაეყენებინა", - ამბობს ალეკო ელისაშვილი, რომელიც ამ საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.


ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კი „პრაიმტაიმთან" საუბრისას ელისაშვილთან გაგზავნილი შეტყობინების შინაარსს იხსენებს და ამბობს, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარისგან მაშინ სრულიად კონსტრუქციული პასუხი მიიღო, მის ამჟამინდელ აქტიურობას კი ელისაშვილის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირებს.

 

მანანა კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:

 

- დღეს ამ ადამიანს მიზნად აქვს, რომ ეს თემა პოლიტიკურად იყოს აქტუალური. მიზანია „ქართული ოცნებისა" და მისი მთავარი სპიკერების დისკრედიტაცია. ეს ადამიანი არის პოლიტიკოსი და ძალიან ცუდია, რომ ასეთი ბინძური გზა აირჩია, თუმცა საზოგადოება, მე მგონი, უკვე ხედავს და კიდევ კარგად დაინახავს მალე, რომ არაფერი მისი პოპულისტური განცხადებების უკან არ დგას. ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ მასზე ზეწოლას ვახდენდი, ვალდებულება ჰქონდა, მტკიცებულება შეენახა. ვერავინ მისი ტელეფონის დარაჯად ვერ დადგებოდა, ამის ვალდებულება არც პროკურატურას და არც სპეციალურ სამსახურებს არ გააჩნია. თუ ვინმე მას უკანონობის შემცველ შეტყობინებას უგზავნიდა.


რატომ მაშინვე არ ახდენდა რეაგირებას, ან მტკიცებულებას რატომ არ ინახავდა. თუ შენახული აქვს, გამოვიდეს და გაასაჯაროოს. სამწუხაროდ, მე არც მიფიქრია, რომ ასეთ სიბინძურეზე წავიდოდა ეს ადამიანი, თორემ აუცილებლად შევინახავდი ჩემს ტელეფონში მისთვის გაგზავნილ სმს-ებს. შემიძლია, გითხრათ, რომ დაახლოებით იგივე შინაარსის სმს აქვს გაგზავნილი მასთან ჩემს ამჟამინდელ თანაშემწეს, რომელიც გახლდათ ალეკო ელისაშვილის პროდიუსერი ტელეკომპანია „მაესტროში". მანაც მოიკითხა, ერთ-ერთი საქმე რა ეტაპზე იყო და ელისაშვილისგანაც მიიღო პასუხი, რომ გაარკვევს და დაუკავშირდება.


- შეგიძლიათ, გადმოგვცეთ ეს მიმოწერა?

 

- რა თქმა უნდა, თამუნა თავად განახებთ ამ მიმოწერას, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა: დაახლოებით იგივე შინაარსის სმს მაქვს გაგზავნილი მეც და პასუხად მივიღე, რომ ვმუშაობთ დებულებაზე და ამის შემდეგ შევისწავლით საქმესო. ეს იყო და ეს. თუ ამ შეტყობინებას ელისაშვილი ზეწოლად აღიქვამდა, რატომ არ მიმითითა ან მე, ან თუნდაც თავის ყოფილ პროდიუსერს, რომ კანონს ვარღვევდით?! თამუნას სრულიად შემთხვევით აღმოაჩნდა მისთვის გაგზავნილი სმს, სადაც ის ითხოვდა ინფორმაციის გარკვევას კონკრეტულ პატიმართან დაკავშირებით, საიდანაც მიიღო სრულიად ადეკვატური და პოზიტიური პასუხი, რომ დაინტერესდება და გაარკვევს ამ საკითხს. გადმოგცემთ ამ მიმოწერას და დასკვნები თქვენმა მკითხველმა გამოიტანოს. მით უმეტეს, ინფორმაციის მოკითხვა არის ჩემი, როგორც დეპუტატის, პირდაპირი ვალდებულება, თუ ეს ასე არ არის და მართლა რაიმე ზეწოლას ჰქონდა ადგილი, მაშინ დაგვიმტკიცოს საპირისპირო. მას არათუ პრეტენზია გამოუთქვამს, არამედ მომაწოდა ინფორმაცია, რომ კომისია მუშაობს დებულებაზე და ამის შემდეგ შეძლებდა საქმის შესწავლას, რაზეც მადლობა გადავუხადე. ეს იყო აბსოლუტურად სამუშაო რეჟიმი. ამის შემდეგ გადის წლიწად-ნახევარი და საჯაროდ აცხადებს, რომ თურმე ზეწოლას ვახდენდი. რატომ მალავდა მთელი ამ ხნის განმავლობაში „დანაშაულს"?!


- სმს-ები ამ საქმის ერთი ნაწილია, მეორე და გაცილებით სერიოზული ბრალდება თქვენს მიერ ქრთამის აღებას უკავშირდება...

 

- ის დადასტურებულად ამბობს, რომ ქრთამი ავიღეთ. დიახ, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ამბობს, წყაროს ვერ დავასახელებო. ასე ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დააბრალო რამე და მერე იძახო, წყაროს ვერ დავასახელებო. ასე შეიძლება?! საარჩევნო წელია და ეს სკანდალი ძალიან სარგებლიანია პირადად მისთვის და იმ პოლიტიკური ძალისთვის, ვისაც სურს, დააყენებინოს ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგში, ვგულისხმობ ალასანიას პარტიას. ერთი რამ შემიძლია, ცალსახად გითხრათ, მე ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, ველოდები პროკურატურას და დარწმუნებული ვარ, მათ ყველა საგამოძიებო მოქმედება ექნებათ ჩატარებული. პირადად ჩემს ინტერესშია, რომ აღდგეს იმ სმს-ების შინაარსი, თუ ეს შესაძლებელია, რადგან ამით მოხდება ალეკო ელისაშვილის ლუსტრაცია. მზად ვარ, ჩემს ტელეფონსაც ჩაუტარდეს ექსპერტიზა. დაველოდები, გამოძიების შედეგებს და აუცილებლად მოვთხოვ პასუხს ელისაშვილს, იქნება ეს სამოქალაქო წესით, თუ სისხლის სამართლის წესით, რადგან აშკარად სახეზეა ცრუ დასმენა.


ელისაშვილისთვის გაგზავნილ სმს-შეტყობინებაზე „პრაიმტაიმთან" კომენტარს აკეთებს ვიცე-სპიკერის თანაშემწე თამარ მჟავანაძეც, რომელიც ამბობს, რომ ელისაშვილს ერთ-ერთი პატიმრის საქმეზე შეეხმიანა და მისგან კონკრეტული დაპირებაც მიიღო.


თამარ მჟავანაძე, ვიცე-სპიკერის თანაშემწე:

 

„მე წლების განმავლობაში ვიყავი ალეკო ელისაშვილის პროდიუსერი, მაშინ, როდესაც ის „მაესტროში" მუშაობდა. ტელევიზიაში ყოფნის დროს მქონდა შემთხვევა, როდესაც ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მთხოვა, იქნებ ალეკოსთან მომეკითხა მამამისის ამბავი, რომელიც პატიმარი გახლდათ და შეწყალების კომისიის სახელზე განცხადება ჰქონდა დაწერილი. მე ამაში ვერანაირი კანონდარღვევა ვერ დავინახე და, როგორც ჩანს, ვერც თავად ალეკომ, რადგან მისგან სრულიად ნორმალური პასუხი მივიღე და დამპირდა, რომ გაარკვევდა და გამაგებინებდა. არავითარი პრეტენზია მას არ გამოუთქვამს, მით უმეტეს, ამავე საკითხზე ტელეფონის საშუალებითაც ვესაუბრე. მან მითხრა, რომ პატიმრის პირადი მონაცემები სმს-ით გამეგზავნა. ასეც მოვიქეცი და მისგან პასუხიც მივიღე. ეს იყო ჩვეულებრივი ამბის მოკითხვა, ანუ ჩემს თანამშრომელს, რომელიც ალეკოს თანამშრომელიც გახლდათ, აინტერესებდა, რა ეტაპზე იყო მამამისის საქმე. როგორც ვიცი, ქალბატონ მანანასაც დაახლოებით მსგავსი შინაარსის მიმოწერა ჰქონდა ალეკოსთან და ჩემთვის ძალიან გასაკვირი და საწყენია, რატომ მიეცა ამ ყველაფერს სრულიად სხვა ინტერპრეტაცია. მე ალეკოსთან წლების ურთიერთობა მაკავშირებს და ეს ყველაფერი ძალიან გულდასაწყვეტია".


მირიან ბოქოლიშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner