logo_geo
eng_logo
ინა მესტიაშვილი: სისხლის გაღების შემდეგ, სისხლმბადი ორგანოები აქტიურდება და ძვლის ტვინი ახალ სისხლს გამოიმუშავებს
- +

18 თებერვალი. 2020. 15:07

 

ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ი.ჯავახიშვილის გენეტიკის კათედრის მოწვეული პროფესორი ინა მესტიაშვილი სისხლის გაღების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება:

- სისხლის უანგარო დონაცია მრავალმხრივ სასარგებლო აქციაა როგორც დონორისთვის, ასევე იმ პაციენტებისათვის, რომელთაც სისხლის პროდუქტები ესაჭიროებათ. სისხლის გადასხმა უკიდურესად სასარგებლო განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის გახლავთ, ვისაც სისხლმბად ორგანოთა პათოლოგიები აქვთ. ახალი, ჯანსაღი სისხლის გადასხმა ასტუმულირებს პაციენტის ორგანოთა ფუნქციონირებას და მთლიანად სისხლწარმომქმნელ სისტემას. ანემიის, ლეიკემიის, თრომბოციტოპენიის და უბედური შემთხვევების დროს, სისხლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

- ქალბატონო ინა, რამდენად სასარგებლოა სისხლის გაღება თავად დონორისათვის და ხომ არ აყენებს გარკვეულ ზიანს სისხლის გაღება დონორის ორგანიზმს?

 

- სისხლის გაღების შემდეგ აქტიურდება სისხლმბადი ორგანოები და ძვლის ტვინი გამოიმუშავებს ახალ სისხლს, ორგანიზმში წარმოიქმნება ახალი სასიცოცხლო ძალა. სისხლის გაღება ძალიან სასარგებლოა დონორისთვის. უბრალოდ, დონაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, რომელიც გულისხმობს არა საკვების რაოდენობას, არამედ მის შემადგენლობას. დონაციის შემდგომ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის ანუ PH-ის შენარჩუნება. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ორგანიზმის სიჯანსაღე და სისხლში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა არ დაირღვეს, აუცილებელია, რაციონიდან ამოვიღოთ შემწვარი საკვები. სასურველია, მივირთვათ დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული ცოცხალი ან ჩაშუშული სახით, ხოლო ხორცი მხოლოდ მოხარშული ან ჩაშუშული და არავითარ შემთხვევაში შემწვარი.

 

- მახსოვს, წლების წინ ვბეჭდავდით ინტერვიუთა ციკლს, სადაც საუბრობით სისხლის განსაკუთრებულ უნარებზე და მისტიკურ საინფორმაციო შესაძლებლობებზე... რა კავშირი მყარდება დონორსა და მიმღებს შორის სისხლის გადასხმის შედეგად?

 

- ერთი წვეთი სისხლი თქვენს შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას იტევს. სისხლი არის მისტიკური სითხე, სიცოცხლის საწყისი, ჩვენი მამოძრავებელი ძალა და საუკეთესო ინფორმატორი. როდესაც ადამიანი სისხლს აბარებს უანგაროდ, ის მისთვის სრულიად უცნობ  ადამიანს გადასცემს უდიდეს ძალას, ენერგიას, სიყვარულს და თავგანწირვას. სისხლის ფუნქციების განხილვისას ყოველთვის, უპირველეს ყოვლისა, განიხილება მის საინფორმაციო და მისტიკური ფუნქცია. როდესაც დონორი გასცემს სისხლს, მის ორგანიზმში იწყება განახლების საოცარი პროცესები უჯრედულ და ფსიქიკურ დონეზე. სისხლის უჯრედებს მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია, მაგრამ ისინი დროთა განმავლობაში ბერდებიან, იღუპებიან და მათ ნაცვლად ახლის წარმოქმნაა საჭირო.

სისხლის უჯრედების წარმოქმნა ძვლის წითელ ტვინსა და ლიმფურ კვანძებში ხდება. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ერითროციტების წარმოქმნა, რადგან ერითროციტები ყველა სხვა ფორმიან ელემენტთან შედარებით, დიდხანს ცოცხლობენ სისხლში. თუკი სხვა ელემენტები 3-4 დღეში იღუპებიან, ერითროციტები 100-120 დღე ცოცხლობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი თანდათან ბერდებიან. როდესაც ხდება ახალი ერითროციტების გადმოსროლა პერიფერიულ სისხლში, ისინი განსაკურებით ხარისხიანად ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. ძვლის ტვინიდან გადმოსროლილი ახალი სისხლი მოივლის მთელ სხეულს, ღვიძლს, ელენთას, თითოეულ ორგანოსა და ქსოვილს. შესაბამისად, სისხლის გაღებით ვეხმარებით საკუთარ ორაგანიზმს გაახალგაზრდავებაში და ამავდროულად სულიერად ვძლიერდებით! როდესაც ადამიანი სისხლს იღებს თავისი ახლობლისათვის, ეს ძალიან დიდი კეთილი საქმეა, თუმცა სრულიად სხვა ფსიქიკის და მორალის მატარებელია ის ხალხი, ვინც უცნობი ადამიანიების გადასარჩენად იღებს. ისინი არიან გმირები!

 

- ქალბატონო ინა, ყბადაღებული თემაა უანგარო დონაციის საკითხი. ადამიანებს უჩნდებათ აგრესია სისხლის ბანკების მიმართ, რომელიც უანგარო დონაციის შედეგად მოგროვებულ სისხლს კლინიკებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემენ...

 

- სისხლის აღება, შემდეგ მისი დამუშავება, გარკვეული კვლევების ჩატარება და მისი უსაფრთხო კონდიციამდე მიყვანა, გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, უფასო ვერანაირად იქნება სისხლი და მისი პროდუქტები. უბრალოდ, ყველა სისხლის ბანკი, ვალდებულია, უანგარო დონორებს, უსასყიდლოდ გადასცეს სისხლი, თუკი მათ და მათი ოჯახის წევრებს დასჭირდებათ სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმა. ჟურნალისტები აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ ამ საკითხით, არიან თუ არა უზრუნველყოფილი უანგარო დონორები ასევე უანგაროდ სისხლის გადასხმით, საჭიროების შემთხვევაში.

 

- ქალბატონო ინა, სისხლის გაღება მამაკაცებისთვის უფრო სასარგებლოა თუ ქალებისათვის?

 

- ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ზოგადად, სისხლის გამოშვება საუკუნეების განმავლობაში მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო. უამრავ დაავადებას სწორედ სისხლის გამოშვებით მკურნალობდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ადამიანის შეუძლოდ ყოფნის მიზეზი ზედმეტი სისხლი იყო. წურბელებით მკურნალობა ათასწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებად.  სხვათაშორის, სისხლის გაღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამაკაცის ორგანიზმისათვის. ქალები, დედათა წესის დროს, გარკვეული რაოდენობის სისხლს კარგავენ. ეს დანაკარგი მათ ორგანიზმს მუდივად აიძულებს, ახალი სისხლი გამოიმუშავოს, რაც ქალის ორგანოთა სისტემებს განახლებაში ეხმარება. სისხლის მუდმივი განახლება ამცირებს ქალის ორგანიზმში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

 

- დაბოლოს, როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი სისხლი, რომელიც ჩვენი თუ სხვა ადამიანთა სიცოცხლისათვის უმნიშვნელოვანესია?

 

- მოგეხსენებათ, გამოუსადეგარია სისხლი, რომელიც დაავადებულია სხვადასხვა ინფექციით. შესაბამისად, უმნიშვენლოვანესია თავდაცვა სისხლისმიერი გზით გადამდები ინფექციებისაგან. მათი უმრავლესობა კი დაუცველი სქესობრივი კონტაქტებით, ინტრავენური ნარკომანიით და კლინიკებში სტერილიზაციის ნორმების დაუცველობით არის გამოწვეული. გარდა ინფექციებისა, იმისათვის, რომ სისხლი ჯანსაღი იყოს, უმნიშველოვანესია ფეხით სიარული სუფთა ჰაერზე და ბალანსირებული კვება, სადაც დიდი რაოდენობით არის რაციონში ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და ხორცეული.

 

დაიმახსოვრეთ, ჯანსაღი სისხლი, რომელიც მისტიკური სასიცოცხლო ძალაა, მუდმივად მოძრაობს ორგანიზმში, ყველა ორგანოსა თუ ქსოვილთან ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მიაქვს, რაც ჩვენი ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის გარანტიაა.

  

ესაუბრა მეგი საჯაია

 

right_banner
არქივი
right_banner