logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ყველა გამოკითხვაში, „ნაციონალებს“ დაბალი შედეგები აქვთ!
- +

10 მარტი. 2020. 18:55

 

 

საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე და ერთპროცენტიან ბარიერზე შეჯერდნენ. რაც შეეხება უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერს, ე.წ. ჩამკეტ მექანიზმს, ის 40 პროცენტით განისაზღვრა.

აღნიშნულ საკითხზე „რეპორტიორთან“ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საუბრობს.

 

- ბატონო რამაზ, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია, კმაყოფილი დარჩა მიღებული გადაწყვეტილებით. არ ფიქრობთ, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება კომპრომისზე წავიდა?

 

- მთავარია არა ის, რომ ორივე მხარე კმაყოფილია, არამედ ის, რომ სამივე მხარე კმაყოფილია. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია და ჩვენი უცხოელი პარტნიორები. რაც შეეხება მოსახლეობას, მე მგონი, ეს საკითხი მათ ნაკლებად აინტერესებთ და ნაკლებადაც არიან გარკვეული. უცხოელ პარტნიორებს, რომლებიც ორგანიზებას უწევენ საარჩევნო ცვლილებების პროცესს საქართველოში, აქვთ ოპტიმისტური მოლოდინი, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დადებით შედეგებს მოიტანს. ისინი ასევე, კომპრომისის მომხრე არიან.

 

ხელისუფლება, რასაკვირველია, ამ ნაბიჯით, გარკვეულ კომპრომისზე წავიდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებდა, მათაც მოუწიათ რაღაცის დათმობა. ამიტომ, ორივე მხარემ გადადგა ნაბიჯები დასავლელი პარტნიორების ხათრით, უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩაეგდოთ ისინი და ურთიერთობებიც შეენარჩუნებინათ.  

 

- ქვეყნის 40-ზე ნაკლებ ოლქად დაყოფა, როგორც ვიცით, ყოველთვის პრობლემა იყო და ეს ალბათ ამჯერადაც შექმნის პრობლემებს...  

 

- რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის. ეს 30 ოლქი იქნება ძალიან მსხვილი ოლქი, სადაც ამომრჩეველი, ფაქტობრივად, არც კი იცნობს პიროვნებას, ვისაც ხმას აძლევს.  მაჟორიტარულ სისტემას აქვს დადებითი ის, რომ პიროვნებას, რომელსაც ირჩევს, იცნობს ამომრჩეველი, პროპორციული არჩევნების შემთხვევაში კი, პიროვნული ფაქტორი თითქმის ნულამდე დავა. დიდი რაოდენობის ადამიანებში უკვე მათი მოძებნა, ვისაც საზოგადოება ენდობა, ძნელი იქნება. ასე რომ, პრაქტიკულად, ისევ პარტიული ნიშნით აირჩევენ, ანუ პროპორციული არჩევანიც მაჟორიტარული სისტემის ნაწილი გახდება.

 

- თუმცა, სისტემა 2024 წლამდე, ჯერ კიდევ შერეულად ითვლება. როგორ ფიქრობთ, გაამართლებს თუ არა პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩვენს ქვეყანაში?

 

- თუკი 30 ოლქში გვეყოლება მაჟორიტარები, ესენი მაჟორიტარებიც არ იქნებიან, ესენი იქნებიან პარტიების წარმომადგენლები. ასე რომ, შერეულზე კიდევ უფრო ნაკლებად მაჟორიტარულია ეს სისტემა, ძალიან მიახლოებულია პროპორციულთან. გამართლების თვალსაზრისით, ბევრ ქვეყანაში არ ამართლებს პროპორციული სისტემა, ზოგან - ამართლებს. ცოტა ჭკუაც უნდა იმისათვის, რომ გაამართლოს. უბრალოდ, ქართველებს, მე მგონი, ჭკუა არ გვყოფნის ამ შემთხვევაში და პოლიტიკური კულტურაც ნაკლები გვაქვს. იმ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური კულტურა სუსტი იყო, შემოიტანეს მაჟორიტარული სისტემა, რადგან ორიენტაცია იყოს პიროვნებებზე და არა მცირერიცხოვან პარტიებზე. ამიტომ, არჩევნები ამერიკაში სრულიად მაჟორიტარული სისტემით მიმდინარეობს და მიაჩნიათ, რომ ეს ზრდის დეპუტატის პასუხისმგებლობას ამომრჩევლის მიმართ. ამიტომ შეგნებულად ამჯობინებენ სისტემის იმ ხარვეზს, რომ შეიძლება ხმათა რაოდენობა პროპორციულად არ გადანაწილდეს, ვიდრე მატარებელივით შეიყვანოს რამდენიმე კაცმა პარლამენტში ხალხი, რომელსაც მოსახლეობასთან არანაირი კონტაქტი არ ექნება, როგორც პროპორციული სისტემისთვისაა დამახასიათებელი.

 

ამ პრინციპიდან თუ გამოვალთ, ჩვენი ქვეყნისთვის პროპორციული სისტემა ძალიან ცუდია. იმიტომ, რომ არ გვაქვს ჩამოყალიბებული პარტიული სპექტრი, გვაქვს მოსახლეობასთან კონტაქტის დეფიციტი და გარდა ამისა, პარტია ლიდერზეა ორიენტირებული. ამერიკელების ერთ-ერთი პრინციპი ეს იყო, რომ პარტიების ლიდერები არ იქცნენ ბელადებად. ამიტომ ატარებენ არჩევნებს მაჟორიტარული სისტემით. ჩვენ კი, ბელადებად გადაქცევის ტენდენციაც გვაქვს. რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ არ გვინდა ბელადი, რომელი პარტიაც გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, მისი თავმჯდომარე იქნება ბელადი.

 

აქ კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი. ადრე ირაკლი კობახიძემაც აღნიშნა, რომ თუ არ გადაილახა კონკრეტულად ერთი პარტიის მიერ ბარიერი და პარტნიორობა აღმოჩნდა საჭირო შიგნით კოალიციაში, შეიძლება ეს ყველაფერი გართულდეს და დიდხანს გაგრძელდეს მთავრობის ფორმირების პროცესი, თუ საერთოდ შედგა. არც ისაა გამორიცხული, რომ ვერ შეთანხმდნენ პრემიერ-მინისტრზე და ხელახალი არჩევნებიც დაინიშნოს.

 

- თქვენი აზრით, რა შანსები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ასეთი მოცემულობით?

 

- ყველა გამოკითხვაში, „ნაციონალებს“ დაბალი შედეგები აქვთ! ყველა არჩევნებში, სადაც თუნდაც ერთი კაცი უნდა გაეყვანათ, მათ წააგეს. ასე რომ, ხელისუფლებასთან მიახლოების შანსი მათ თითქმის არა აქვთ.  „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერაც თავისი მუდმივი ამომრჩეველი ჰყავს და ამ ამომრჩევლის ხარჯზე იღებს ხმათა იმ რაოდენობას, რომელიც მათ მეორე ადგილზე ამყოფებს. ხმების ეს რაოდეობა უზრუნველყოფს იმას, რომ ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხით დაფინანსდნენ. მეტი არც არაფერი უნდათ. არჩევნების სტატისტიკა და სოციოლოგიური გამოკვლევები მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობა „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად არ არის განწყობილი!

 

- ოპოზიციის მეორე მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. როგორ ფიქრობთ, ჰყავს ჩვენს ქვეყანას პატიმრები პოლიტიკური ნიშნით?

 

- გააჩნია, რას გულისხმობენ - კრიმინალურ პატიმარს თუ პოლიტპატიმარს? ალტერნატივა ასეთია, დანაშაულის გამო დაჭერილი პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ თუ პოლიტიკური მოღვაწეობის გამო დაჭერილების? რაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ გვახსოვს, მათ უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, დღესაც მიშა სააკაშვილის ფულზე დგას და საიდან აქვს სააკაშვილს ამხელა ფული? - ე.ი. ჰქონდა ადგილი კრიმინალურ სქემებს მათი მმართველობის პერიოდში, საიდანაც ფული დაუგროვდა ამ პარტიას. კონკრეტულად, გიგი უგულავას თუ სხვა პირის მონაწილეობა რა დოზით იყო ამ დანაშაულებრივ სქემაში, ეს კიდევ სხვა საკითხია. ეტყობა, დიდი დოზით იყო უგულავა ჩართული. ადეიშვილი, მაგალითად, სულ არ ჩამოდის და არც ჩნდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რადგან კარგად იცის, რაც აქვს ჩადენილი! ამიტომ, იმის გამო „ვენების გადაჭრა“, რომ უგულავას დანაშაულზე პასუხს მხოლოდ პოლიტიკური მოტივით სთხოვენ, ღიმილისმოგვრელი და გამაღიზიანებელია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის.

 

- გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ თუ ე.წ. პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებენ, ოპოზიცია შემდგომ ნაბიჯებს აღარ გადადგამს...

 

- ეს არის მოთხოვნა მოთხოვნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ ძირში და მსოფლმხედველობით ერთნი არიან, ერთმანეთზე მზე და მთვარე ნამდვილად არ ამოსდით. მათ უბრალოდ, სჭირდებათ ერთი და იმავე ადამიანების ხმა და ერთმანეთის ალტერნატიული კონკურენტები არიან. ან ერთი უნდა აირჩიონ, ან მეორე.

 

რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლებას მოსთხოვო უგულავას თუ სხვების გათავისუფლება, ამ პრინციპს ხელისუფლება ვერ გაატარებს, რადგან ამ შემთხვევაში ეს იქნება აღიარება, რომ ქვეყანას ნამდვილად ჰყავს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმრები. საკმარისია, გათავისუფლდეს უგულავა, მაშინვე ატყდება ყვირილი, რომ რადგან ოპოზიციამ მისი გათავისუფლება მოახერხა, ის პოლიტპატიმარი იყო. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება პრინციპულად არ უნდა ჩაერიოს სამართალდამცავი სტრუქტურების საქმეში, თორემ ეს იქნება უკვე არგუმენტი პოლიტპატიმრების არსებობისა.

 

რაც შეეხება ხალხის მოთხოვნას, მათ კიდევ სხვა მოთხოვნები აქვთ, სხვა მეხსიერება და არა მხოლოდ დასახელებული პირების, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებენ. თუ წარსულს გადავხედავთ, კიდევ ათასობით საჩივარს ამოვატივტივებთ „ნაციონალების“ წინააღმდეგ. ისმის ლოგიკური შეკითხვა - საიდან აქვთ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამდენი ფული?  შეესაბამება თუ არა მათი ხარჯები იმ თანხას, რასაც დღეს ბიუჯეტი აძლევს? დავფიქრდეთ ამაზე. მხოლოდ სარეკლამო დროისთვის არ ეყოფა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს თანხები. საკითხის ასე დაყენება ძალიან ბევრ საკითხს წამოსწევს წინ და, რა თქმა უნდა, დამნაშავეთა რიცხვსაც გაზრდის.  

 

 

right_banner
არქივი
right_banner