logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ვითარებამ გვიჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანას გაცილებით მეტი გამოცდილება ჰქონია, ვიდრე წარმოვიდგენდით
- +

23 მარტი. 2020. 19:03

 

 

„არსებული მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საგანგებო კონტროლია ყველაფერზე და ბევრი რამ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, ვითარებამ გვიჩვენა, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი გამოცდილება ჰქონია და სტრუქტურებიც მეტად ორგანიზებულად მუშაობენ, ვიდრე წარმოვიდგენდით.

 

გიორგი ვოლსკი მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, გამოიჩინონ იმ ისტორიული მომენტის ადეკვატური პიროვნული პასუხისმგებლობა, რა განსაცდელის წინაშეც დღეს მსოფლიო და ჩვენი ქვეყნა დადგა.

 

 

 

- იმ უდიდეს გამოწვევას, რაც ჩვენს წინაშე დგას, ჯანდაცვის სისტემა და საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით, იმდენად ორგანიზებულად ართმევს თავს, რომ ამას ოპოზიციაც კი აღიარებს...

 

- ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები მაინც ჩასაფრებულის პოზიციაზე დგანან და არ უნელდებათ განცდა, რომ თითქოს რაღაცას ისე არ ვაკეთებთ, როგორც საჭიროა. მათი ყველა კომენტარი, რაც ბოლო პერიოდში მოვისმინე, მიმართულია იმისკენ, რომ კი, კარგად ვართმევთ თავს, მაგრამ მაინც რაღაც დავაგვიანეთ, თითქოს რაღაც დროული არ იყო... არა მაქვს არანაირი სურვილი, რომ ამ ვითარებაში მათ შევუტიო, მაგრამ როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი გამოდის და ამბობს, თითქოს პირბადეები არის გადანახული და არ გამოაქვთ, როცა ამ გაერთიანებული ოპოზიციის ერთპიროვნული ლიდერი მიშა სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხალხისგან მოპარული ფული აქვს შენახული სადღაც სარდაფში და არ გამოაქვს, - ეს ყველაფერი არა მხოლოდ უზნეო ტყუილია, არამედ საფრთხის შემცველიცაა იმდენად, რამდენადაც, საზოგადოების გარკვეულმა, თუნდაც მცირე ნაწილმა, შეიძლება ეს დაიჯეროს.

 

მთლიანობაში, ატმოსფერო, რაც დღეს საქართველოშია, არის მისასალმებელი, როგორც სოლიდარობის, ასევე ადამიანების განწყობის თვალსაზრისით, თუმცა, მცირე გადახვევები, რასაკვირველია, არსებობს როგორც პოლიტიკოსების, ასევე მოქალაქეების თუ ცალკეული ბიზნესმენების მხრიდან, რომლებიც ამ პერიოდისთვის ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ.

 

- იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და არჩევნებიც დათქმულ დროს ჩატარდება საქართველოში. თქვენ გაითვალისწინეთ ოპოზიციის მოთხოვნა და მათთვის მისაღებ საარჩევნო სისტემაზე შეჯერდით. როგორ ფიქრობთ, არსებული მოცემულობით, რა შანსი აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას მიმდინარე წლის არჩევნებში?

 

- დღეს „ქართული ოცნების“ გამოწვევა არა სააკაშვილის გაერთიანებულ ოპოზიციასთან პოლემიკაში, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებში მდგომარეობს. მთელი რიგი მაჩვენებლების გაუმჯობესების მიუხედავად, მემკვიდრეობით მიღებული გაჭირვება ჯერ კიდევ თვალშისაცემია, ხოლო ნეგატიური, სიცრუის ოსტატურად შეზავებული საინფორმაციო ნაკადი საკმაოდ ეფექტური.

 

თავად განსაჯეთ, არის თუ არა რეალობა საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი, საავტომობილო, მზის პანელების, ელექტრო-მოწყობილობების  ქარხნები, აღორძინებული საკურორტო ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესებული ეკოლოგია, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ასობით საწარმო და ფერმერული მეურნეობა, საგზაო და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, გაზრდილი ხელფასები განათლების სისტემაში და ძალოვან უწყებებში, უფასო სკოლამდელი და სასწავლო დაწესებულებები, უფასო ფაკულტეტები, საზღვარგარეთ სწავლების პროგრამები, ათასგვარი შეღავათები საგადასახადო სისტემაში, ბიზნესის განვითარებისათვის, სოციალური პაკეტები შეჭირვებული ოჯახებისათვის, ომებში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ხალხზე უკეთ მორგებული ჯანდაცვის სისტემა, ღვიძლის კიბოსაგან დახსნილი ათასობით ადამიანი. ამას დავამატოთ სტაბილური პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე მასშტაბური ომებისა და რეგიონში საგანგაშო ვითარების მიუხედავად, მოწინავე პოზიციების მყარად დაკავება კომპეტენტური კვლევებით დადგენილ ყველა რეიტინგში.

 

იმის თქმა მინდა, რომ არა პოლიტიკური პარტიის ან ცალკეული პირების სასიკეთოდ, არამედ ქვეყნის განვითარებისათვის საკმაოდ ბევრია გაკეთებული, რათა არჩევნებში გამარჯვების რეალურ წინაპირობაზე გვქონდეს ლაპარაკი.

 

- ჰყავს თუ არა დღეს „ქართულ ოცნებას“ რეალური კონკურენტი და ჩანს თუ არა ე.წ. მესამე ძალა პოლიტიკურ ჰორიზონტზე?  

 

- „ქართული ოცნება“ აცნობიერებს პასუხისმგებლობას ოპონენტთა მხარდამჭერი საზოგადოების მიმართაც და იმასაც, რომ მათ შორის არიან როგორც პოლიტიკურად ერთგული მხარდამჭერები, ასევე ადამიანები, რომლებიც საკუთარი პრობლემების მოგვარების პერსპექტივას ხელისუფლების ცვლილებაში ხედავენ, აქ მოულოდნელი არაფერია. არიან ისეთებიც, რომლებსაც ემოციური კავშირი არა აქვთ წარსული მმართველობის სადისტურ რეალობასთან, როდესაც დაგროვდა სოციალურად განადგურებული, ქონება და ჯანმრთელობა წართმეული ადამიანების მასა.

 

ყოფილი ხელისუფლების მიმართ, სასჯელის უკმარისობის განცდის მქონე საზოგადოების ხმების მისაღებად, მებრძოლი პარტიებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ცდილობენ, ამომრჩევლებს შთააგონონ, რომ გატარებული ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზომები საკმარისი არაა, ხოლო საგარეო კურსი არასწორია.

 

ვფიქრობ, ისევე როგორც სააკაშვილის პოლიტიკურ გაერთიანებას, მათაც გაუჭირდებათ მოწინავე პოზიციებზე გასვლა, რადგან საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი კარგად აფასებს რეალობას, რაზედაც ზემოთ მქონდა ლაპარაკი.

 

ჩემი აზრით, ესაა მოცემულობა და სამწუხაროდ, ჰორიზონტზე არ ჩანს კომპეტენტური, პრინციპული და ამავე დროს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია ქვეყანა სამშვიდობოზე გაიყვანოს.

 

გაიმარჯვებს ის, ვინც ქვეყანისათვის ეფექტურად ირჯება. ამ პრინციპიდან გამომდინარე „ქართულ ოცნებას“ ჯერჯერობით ალტერნატივა არ გააჩნია.

 

- ბატონო გიორგი, გამოწვევა, რაც დღეს მსოფლიოს წინაშე დგას, მძიმე დარტყმა იქნება ჩვენზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის და ეს პატარა, მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანა როდემდე გაძლებს ასე, საერთაშორისო იზოლაციაში? 

 

- ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა დარტყმა იყოს მინიმალური და თუ სადმე ხელისუფლებას დააკლდება რესურსი, ამას გაუძლოს. მოველი, რომ დესტრუქციაში გამოწრთობილი „ნაცმოძრაობა“ შეეცდება ხელისუფლებას პრობლემები გარე ფაქტორების გამოყენებით შეუქმნას და უკვე არც იმას მალავენ, რომ ვირუსის გავრცელების გამო, არსებული ეკონომიკური პრობლემების გამოყენება, მათი პოლიტიკური ბრძოლის მთავარი მიმართულება იქნება.

ძალიან კარგი განცხადება იყო, რაც მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან, რომ „ქართუ ფონდი“ მზადაა, შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.

 

ეს არ იყო პოლიტიკური კონიუნქტურით განპირობებული განაცხადი, ეს არის რეალობა, ვინაიდან არაერთხელ მდგარა საქართველო გამოწვევის წინაშე და ფონდისგან ყოველთვის უანგარო თანადგომა მიუღია. არასდროს არავისთვის არაფერი მოუთხოვია სანაცვლოდ ბატონ ბიძინას, არც პოლიტიკურად გამოურჩევია ადამიანები და არც არავისთვის მიუთითებია, რომ ესა თუ ის პოლიტიკური შეხედულება იქონიოს. ასე რომ, ამ ვითარებაში მეტი პატიოსნება მოეთხოვება პოლიტიკოსებს.

 

- მსგავსი გამოცდილება ჩვენს ქვეყანას არა აქვს, პანდემიის პირობებს ვგულისხმობ და ალბათ კიდევ მეტი სირთულის წინაშე აღმოვჩნდებით...

- ვითარებამ გვიჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანას გაცილებით მეტი გამოცდილება ჰქონია და სტრუქტურებიც მეტად ორგანიზებულად მუშაობენ, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით. ამ რთულ სიტუაციაში, როცა მთავარი აქცენტი ვირუსზეა გადატანილი, საზოგადოებისთვის თითქოსდა შეუმჩნეველი მოვლენები ვითარდებოდა. ხანძრის 64 კერის ლოკალიზება მოახდინეს ამ პერიოდში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებმა და გმირულად იმუშავეს. პოლიციელები ყველა უბანზე მოწოდების სიმაღლეზე არიან, მაგრამ ამ თემაზე ჯერ განცხადებებიც არ გაკეთებულა - არ არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა იმისკენ მიმართული, რომ საქმის კეთება ვინმეს დააყვედროს, ან თავის მოსაწონებლად გააკეთონ რამე და ამიტომაც! არამხოლოდ პოლიციელები, არამედ მოხალისეები კონკრეტული სოფლების მოსახლეობიდან, თავდადებით ებრძოდნენ ხანძარს.

 

მადლობა ღმერთს, ხანძრის კერების ლოკალიზება მოხერხდა და ამ მიმართულებით სამშვიდობოს გავედით. კარგი იქნება, მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ სტრუქტურებს მაღალპროფესიულ დონეზე შეუძლიათ მუშაობა.

 

- საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელის მიხედვით, კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება. განმეორებითი ქმედების შემთხვევაში კი, დამრღვევ პირს სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა დაეკისრება. როგორ ფიქრობთ, გახდება საჭირო ჯარიმის მექანიზმების ამოქმედება?

- მხოლოდ შიშით არ უნდა იყოს განპირობებული იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და თუნდაც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს. მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებაა აუცილებელი ასეთ ვითარებაში. არ მგონია, რომ ამ ჯარიმის გამოყენება უნდა იყოს პრიორიტეტი. მე ვფიქრობ, და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება უფრო სიღრმისეულად გააანალიზებს შექმნილ ვითარებას და აგრეთვე იმ ფაქტს, რომ როდესაც ასეთი ვირუსი ვრცელდება, რაც უნდა პროფესიონალურად მაღალ დონზე მართო ის, არ არსებობს, გავრცელების რისკი გამორიცხო. ეს აქსიომაა და თუკი ჯარიმების მექანიზმის ამოქმედება გახდა საჭირო, მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანწილად, საზოგადოებისთვის უნდა იყოს განგაშის საგანი. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ იმის განცდა, რომ აი, ძალიან კარგი ქნეს, რომ დააჯარიმეს, რომ ვიღაცის მიმართ სანქციები გამოიყენეს... თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმ ისტორიული მომენტის ადეკვატური პიროვნული პასუხისმგებლობა, რა განსაცდელიც დღეს მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის წინაშე დადგა. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ემოციური განცდაა. არ უნდა მივიდეს საქმე იქამდე, რომ სახელმწიფოს სანქციის გამოყენება დასჭირდეს.

 

right_banner
არქივი
right_banner