logo_geo
eng_logo
ნანა ქირია: ტუბერკულოზი გახლავთ სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციურ პათოლოგიებს შორის
- +

20 მაისი. 2020. 12:09

 

 

მაშინ, როდესაც მსოფლიო ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის, უკანა პლანზე გადაიწია ისეთმა მნიშვნელოვანმა და სახიფათო დაავადებებმა, რომელთა გართულებებით მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება!

რამდენად საშიში დაავადება გახლავთ ტუბერკულოზი, როგორია მისი გადაცემის გზები და რამდენად დიდი რისკის ქვეშ არიან ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში? აღნიშნული საკითხის შესახებ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა  ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, პულმონოლოგი, ფტიზიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნანა ქირია გვესაუბრება.

- ქალბატონო ნანა, დღეს მსოფლიო შეშფოთებული და დაპანიკებულია ახალი კორონავირუსის გამო. რამდენადაც ცნობილია, ტუბერკულოზი დაავადებულის მიერ სწორედ საუბრის, ხველისა და ცემინების დროს  ვრცელდება და ინფიცირების რისკი საკმაოდ დიდია, თუმცა ამ დაავადების მიმართ საზოგადოების შიში და სიფრთხილე მინიმალურია... რა უნდა ვიცოდეთ ტუბერკულოზის შესახებ?

 

- დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის ახალი კორონავირუსის პანდემიას. შესაბამისად, უკანა პლანზე გადავიდა ისეთი მნიშვნელოვანი დაავადების მიმართ ინტერესი, როგორიცაა მაგალითად ტუბერკულოზი. ეს დაავადება გახლავთ სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციურ პათოლოგიებს შორის. მაგალითად, 2018 წელს მსოფლიოში 10 მილიონი ადამიანი დაავადდა ტუბერკულოზით და აქედან მილიონ-ნახევარი დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ რიგ ქვეყნებში არსებობს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა და ამავდრულად მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები, ყოველწლიურად ტუბერკულოზით მილიონობით ადამიანი მაინც ავადდება.

 

-  რამდენად მარტივად ხდება ტუბერკულოზის გავრცელება?

 

- ტუბერკულოზის გამომწვევი საკმაოდ მარტივად ვრცელდება. ამიტომ, გადამდებ სტადიაში ტუბდაავადებულმა თავი უნდა შეიკავოს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისა და ახლო კონტაქტებისაგან. საჭიროა, დაავადებულმა ატაროს ნიღაბი, ხველისას აიფაროს იდაყვი ან ერთჯერადი ხელსახოცი და ხშირად გაანიავოს ოთახი. ტუბერკულოზი არ ვრცელდება ყოფითი მოხმარების ნივთებით, გადაკოცნითა და ხელი ჩამორთმევით. იგი ვრცელდება ფილტვის ფორმით დაავადებული ბაცილაგამომყოფი პირის მიერ საუბრის, ხველის და ცემინების დროს. ტუბერკულოზის გამომწვევის მოხვედრა სასუნთქ გზებში ყოველთვის არ იწევს ინფიცირებას და დაავადებას.

 

- რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ჩვენი დაავადება ტუბერკულოზით?

 

- ინფიცირების შემდეგ ტუბერკულოზით დაავადება აბსოლუტურად დამოკიდებულია ჩვენს იმუნურ სტატუსზე. ტუბერკულიოზი არის ჰაერის გზით გადამდები ინფექცია. გადამდებლობის თვალსაზრისით საშიშია ფილტვის ტუბერკულოზი. მაღალი იმუნიტეტის მქონე პირებში თუ ტუბერკულოზის გამომწვევი  ფილტვის ქსოვილამდე მაინც მიაღწევს, მას ორგანიზმის დაცვითი ძალები აუვნებლყოფენ. დაინფიცირებული ადამიანების მხოლოდ 5-10 პროცენტი ავადდება ტუბერკულოზით. დაავადება მხოლოდ ორგანიზმის დასუსტებისას ვითარდება. მაგალითად, კვების, ყოფითი და შრომის პირობების გაუარესების დროს. ასევე თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისას.  ტუბერკულოზით დაავადების განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან შიდსით, არაკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, სიმსივნური და კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების მქონე პაციენტები. რისკის ქვეშ არიან ადამიანები, ვინც ხანგრძლივად და დიდი დოზით იღებენ ჰორმონებს. ჩვენთან არ არის ძალიან გავრცელებული, მაგრამ ტუბერკულოზის დიდი რისკის ქვეშაა ყველა, ვისაც ე.წ. კუჭის დაპატარავების ოპერაცია აქვს გაკეთებული.

 

- რამდენად იზრდება ინფიცირების რისკი, თუკი დაავადებული ადამიანი ჩვენი თანამშრომელია, რომლის გვერდითაც დღეში დაახლოებით 8 საათს ვატარებთ?

 

- ინფიცირებულთან ყოველდღიური კონტაქტი ამ დოზით, რასაკვირველია, ზრდის ჩვენი ინფიცირების რისკს, თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რამდენად მოიკიდებს ჩვენს ორგანიზმში ფეხს ტუბერკულოზის გამომწვევი, ეს დამოკიდებულია ჩვენს იმუნურ სტატუსზე. მსოფლიოს მოსახლეობის ერთი მესამედი ინფიცირებულია ტუბერკულოზით. დაავადება კი მხოლოდ რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანებს უვითარდებათ. სხვათაშორის, დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან ბავშვები. ამავე დროს, დღეისათვის დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანებიც, ვისაც ტუბერკულოზის ლატენტური ფორმა აქვთ. ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ლატენტური ფორმა, შესაძლებელია გადაიზარდოს აქტიურ ტუბერკულოზში. ვინაიდან 5 წლამდე ასაკის პატარები რისკის ქვეშ იმყოფებიან, ამ ასაკობრივ ჯგუფში განსაკუთრებით უნდა იქნას დაცული ჰიგიენური ნორმები. პანდემიის დასრულების შემდეგაც საჭიროა მოხდეს დახურული თუ ღია სივრცეების პერიოდული დეზინფექცია. სავალდებულოა, დამუშავდეს ბავშვთა გასართობი ცენტრები, ბაღები, სკოლები, ყველა საჯარო სივრცე, კვების ობიექტები. ეს უნდა კონტროლდებოდეს სახელმწიფოს მიერ! ხელების ჰიგიენა და ხველისა და ცემინების დროს, გარკვეული ეტიკეტის დაცვა სასიცოცხლოდ აუცილებელია!

 

- ქალბატონო ნანა, გაერო-ს ფონდის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე შეჩერებული ეკონომიკის გამო, მსოფლიოს ბიბლიური მასშტაბის შიმშილობა ემუქრება. ტუბერკულოზი გახლავთ დაავადება, რომლის რისკ-ჯგუფში ყველაზე მეტად არასრულფასოვან კვებაზე მყოფი, ღატაკი მოსახლეობაა. რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება ტუბერკულოზის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით?

 

- ჯანსაღი და ბალანსირებული კვება არამარტო ტუბერკულოზის, არამედ ყველა სხვა დაავადების პროფილაქტიკას წარმოადგენს. მოგეხსენებათ ძლიერი იმუნიტეტი პირდაპირ კავშირშია ჯანსაღ კვებასთან. ტუბერკულოზის პრევენციის კუთხით უმნიშვნელოვანესია  ცილოვანი საკვებით მდიდარი რაციონი. ცილოვანი საკვების დეფიციტი ტუბერკულოზით დაავადების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

 

- ქალბატონო ნანა, რა შემთხვევაში უნდა მივიტანოთ ეჭვი ტუბერკულოზზე?

 

- სხვათაშორის,  ტუბერკულოზის სიმპტომები ძალიან ჰგავს  სხვადასხვა რესპირატორული დაავადებების, მათ შორის, სასუნთქი სისტემის ინფექციების სიმპტომებს. ტუბერკულოზზე ეჭვი შეგვიძლია მივიტანოთ 3 კვირაზე მეტი ხნით გახანგრძლივებული ზოგადი სისუსტის, უმადობის, ოფლიანობის, ტემპერატურის მატებისა და წონაში კლების შემთხვევაში. ფილტვის ტუბერკულოზის დროს პაციენტები უჩივიან ხველას ნახველით ან მის გარეშე. ნახველი ზოგჯერ არის სისხლიანი. შედარებით იშვიათად აღინიშნება სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში. როგორც მოგახსენეთ, აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვა დაავადებებით, ამიტომ დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ნახველის ბაქტერიოლოგიური და გულმკერდის რადიოლოგიური კვლევა. ფილტვის ტუბერკულოზის ბაქტერიაგამომყოფი ფორმის შემთხვევაში პაციენტი გადამდებია როგორც მკურნალობის დაწყებამდე, ასევე მკურნალობიდან 2-4 კვირის განმავლობაში. მკურნალობის კურსი საკმაოდ ხანგრძლივია და მისი ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში, პაციენტი ფაქტიურად იკურნება ტუბერკულოზისგან.

 

- დაბოლოს, პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია, რომელიც ტარდება სამშობიაროშივე - BCG-ვაქცინა  კანქვეშ. როგორც უახლესი კვლევებით ამტკიცებენ, ტუბერკულოზის ვაქცინა ახალი კორონავირუსის გართულებებისგანაც იცავს. რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია რეალობას?

 

- აღნიშნული ვაქცინაცია იცავს ტუბერკულოზის მძიმე ფორმების, ასევე მენინგიტისა და მილიარული ტუბერკულოზის განვითარებისაგან, რომელიც ბავშვთა ასაკში  შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს. BCG ვაქცინაცია 1950-იანი წლებიდან მასობრივად კეთდება საქართველოში. მანამდეც რიგ შემთხვევაში კეთდებოდა. ბოლო პერიოდში ნიუ-იორკის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ეპიდემიოლოგიური ხასიათის კვლევა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ იმ ქვეყნებში სადაც სავალდებულოდ, მანდატორულად კეთდება BCG ვაქცინაცია, გაცილებით დაბალია ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის შემთხვევები, ვიდრე იქ, სადაც არ ტარდება. აღმოჩნდა, რომ იტალიაში და იაპონიაში ძალიან დიდია ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვებს შორის განსხვავება. იაპონიაში მანდატორულად ყველას უტარდება BCG ვაქცინაცია, იტალიისგან განსხვავებით. შესაბამისად, იაპონიაში საგრძნობლად დაბალია ვირუსის გავრცელება და სიკვდილიანობა. იაპონიამ BCG ვაქცინაცია დაიწყო 1947 წელს. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც არ არის სავალდებულო აღნიშნული ვაქცინაცია, მაღალია ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. იმის მტკიცება, რომ BCG ვაქცინაცია იცავს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციისაგან, მეცნიერულად დასაბუთებული არ არის, თუმცა, ბერლინის მაქს პლანკის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარების მოსაზრებით,  BCG ვაქცინაცია, გარდა იმისა, რომ გვიცავს ტუბერკულოზის მძიმე ფორმების განვითარებისაგან, აძლიერებს ადამიანის ბუნებრივ იმუნიტეტს სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების მიმართ. შესაბამისად, გვირჩევენ BCG ვაქცინის გამოყენებას ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გასაძლიერებლად სპეციფიკური ვაქცინის შექმნამდე!

 

ესაუბრა მეგი საჯაია

 

 

right_banner
არქივი
right_banner