logo_geo
eng_logo
გიორგი გილიგაშვილი: ახლა ხალხი იმდენად ხშირად ამბობს „ჩემმა მზემ“ - უთუოდ თბილი ზამთარი გვექნება!
- +

11 ნოემბერი. 2017. 18:28


მსახიობი და მომღერალი გიორგი გილიგაშვილი ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „პრაიმ-შოუში" გამოჩენის შემდეგ აქტუალობას არ კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი გადაცემაში გამოჩენამდე სერიალ „ტიფლისში" მონაწილეობდა, ფართო საზოგადოებამ გადაცემაში გასვლის შემდეგ გაიცნო და მისი განსხვავებული საუბრის მანერა სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა. გიორგიმ, „რეპორტიორთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ პოპულარობას მის ცხოვრებაში არაფერი შეუცვლია.

 

- გიორგი, მოდი, საუბარი ბავშვობით დავიწყოთ, როგორი ბავშვობა გქონდა?

 

- როგორც ყველა ბავშვს, ისეთი ბავშვობა მქონდა, საოცრად თბილი და ტკბილი. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანების თაობა ვარ და უსინათლობა მეც გამოვიარე, ჩემი მშობლების დამსახურებით ჩემი ბავშვობა მაინც ფერადი იყო.


- რამ განაპირობა შენში ტრადიციებისადმი ასეთი სიყვარული?

 

- პირველ რიგში, ჩემმა მშობლებმა და გენეტიკამ, მაგრამ ხომ იცით „მარტო აღზრდა ვერას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა",  ჩემში ქართული ბუნებაა და ამ შემთხვევაში აღზრდაც დაერთო თან.


სამშობლოს გარეშე, როგორც ობოლი, ისე ვგრძნობ თავს, ამას ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში მივხვდი, როდესაც ლონდონში ვიყავი. ყველა მენატრებოდა, თუმცა მათ ტელეფონით ვესაუბრებოდი და თითქოს ცხრებოდა, ეს მონატრების სურვილი, მაგრამ სამშობლოს ვერ ვისურვილებდი იქიდან.  როდესაც ჩამოვფრინდი, მახსოვს, ჩუმად ავიღე მიწა და გემო გავუსინჯე საქართველოს მიწას. ეს გაუაზრებლად გავაკეთე თოთხმეტი წლის ასაკში და მერე ვფიქრობდი, ხომ არ გავგიჟდი, რა გავაკეთე, რამდენიმე წელიწადში გავიაზრე, რომ მე ასეთი დამბადა უფალმა, ეს ჩემი გასაკეთებელი იყო, ჩემი შესაგრძნობი იყო ეს სიგიჟე და შევიგრძენი.


- შენი განსხვავებული დამოკიდებულება და საუბრის მანერა თანატოლებთან ურთიერთობაში ხელს ხომ არ გიშლიდა?

 

- საერთოდ არ ვფიქრობ, რომ განსხვავებული ვარ, მეც, ისევე როგორც თქვენ, ჩვეულებრივ სიტყვებს ვიყენებ.  „ჩემმა მზემ" ან ის სიტყვები, რომლებსაც ვიყენებ საუბრის დროს, ახალი არ არის.


დიდება უფალს, ბილწ სიტყვაზე ვთქვი უარი, იმიტომ, რომ არ შეიძლება ერთი კოკიდან ძმარიცა და ღვინოც გადმოედინებოდეს, უნდა აირჩიოს ადამიანმა, საით არის მიდრეკილი, თუ წვეთი ძმარი გადმოსცდება, მან უნდა იგრძნოს სირცხვილი, რომ ეს არ არის კარგი და ჯობია, ისევ ბადაგი გადმოედინებოდეს ბაგიდან.


ჩოხით როდესაც იმოსები ადამიანი, გგონია, რომ მთელი საქართველოს ქერქი გაქვს შემოცმული ტანზე, რაღაც საოცრად გრძნობ თავს, ჩოხას რომ განიმოსავ, მაინც ისე უნდა იქცეოდე და ისეთი იყო, როგორც ჩოხაში გრძნობ და იქცევი. 


- მინდა, ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „პრაიმ-შოუში" შენ გამოჩენასაც შევეხოთ. მიუხედად იმისა, რომ გადაცემამდე სერიალში გქონდა მონაწილეობა მიღებული და სიმღერაც გქონდა ჩაწერილი, ფართო საზოგადოებამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ გაგიცნო. როგორ ფიქრობ, შენმა პერსონამ საზოგადოებაში ამხელა დაინტერესება რატომ გამოიწვია? 

 

- ვერ გეტყვით, ახალი და ძველმოდური არაფერი მითქვამს, უბრალოდ ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი, გულწრფელი ვიყავი და არ მიფიქრია არანაირ შელამაზებაზე.


- გარდა იმისა, რომ ცნობილი გახდი, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ?

 

- რა შეიცვალა?! ამინდი, ჩემმა მზემ! ჩემი სამშობლოს თითოეული მკვიდრი იმდენად ხშირად ამბობს ახლა „ჩემმა მზემ", რომ უთუოდ თბილი ზამთარი გვექნება.


- შენი ფრაზა „ჩემმა მზემ" სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა აქვე მინდა გითხრა, რომ შენმა პერსონამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრი გამოიწვია. საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ ასეთი არ ხარ და თამაშობ, მეორე ნაწილი კი შენს მიმართ ძალიან პოზიტიურად განეწყო და ფიქრობს, რომ მეტი შენნაირი ახალგაზრდა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ვიცი, რომ არ ხარ სოციალური ქსელის მომხმარებელი და სავარაუდოდ არ გაცნობიხარ ამ კომენტარებს, მაინტერესებს, რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც თვლის, რომ არ ხარ ბუნებრივი და თამაშობ?

 

- ვეტყვი, რომ:


არასდროს მითამაშია, საქმე, არ ვიცი, რაშია,

 უფალი თუკი ცაშია, რა ყრია ქვეყანაშია.

 მითხრეს, სიკვდილი გზაშია, მიმაფრენს ჩემი რაშია,

 თავშესაფარი ცაშია, ცა მიწის გასაყარშია.

 ხორცი გავიღე, არ მშია, ცხონება დათმენაშია,

მაყვალი ეკალნარშია, გლოვის ცრემლები თვალშია,

არასდროს მითამაშია, საქმე, ვერ ვხვდები, რაშია,

 უფალი თუკი ცაშია, რა ყრია ქვეყანაშია.


ასე მივუგებ მათ. რაც შეეხება სოციალურ ქსელს, გუშინ ჩემმა ორმა მშვენიერმა დამ „ინსტაგრამი" გამიკეთეს, ვუთხარი, მე არ გავეკარები, ტყუილად გამიკეთეთ-მეთქი, მაგრამ მათ მითხრეს, არ გვაინტერესებს, შენ გაეკარები თუ არა, ჩვენ გვექნება შენი „ინსტაგრამი" და შენს ლექსებს გამოვაქვეყნებთო. თქვენმა მზემ-მეთქი, ვუთხარი.


აქედან ვეტყვი ყველას, რომ არც ნეგატივს ვკითხულობ, ვაიდა, გამაბოროტოს ამ მცირედ მორწმუნემ და არც კარგს ვკითხულობ, რომ ვაიდა, იმაზე უკეთესი მეგონოს საკუთარი თავი, ვიდრე ვარ, აქედან გამომდინარე, დიდი სიყვარულით მოვიხსენებ ორივე მხარეს.


- შენი გამოჩენის შემდეგ, ბევრს აინტერესებს, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში

 

- ჩემმა მზემ, ახალი წელია.

არ გამაჩნია ჩემი პირადი, გარდა იმისა, რომ მე და სამშობლო ვართ შეყვარებულები ერთმანეთზე.


- საინტერესოა, როგორი გემოვნება აქვს გიორგი გილიგაშვილს, როგორ გოგონებს ანიჭებს უპირატესობას, როგორი უნდა იყოს, შენი ყურადღება რომ მიიქციოს?


- არ არსებობს ჩემში რაღაც კრიტერიუმი, რომ იმის გამო მომეწონოს. მამაჩემს ვკითხე - დედა რატომ მოგეწონა, როდესაც შეიყვარე-მეთქი და მიპასუხა: შვილო, ეგ რომ ვიცოდე, ჩათვალე, რომ მე არ მეყვარება დედაშენი. შენ ვერ უნდა ხვდებოდე, მასში რა მოგწონს, თორემ თუ ფიქრობ, რომ თვალის ფერის, ხელის მტევნის, რაღაც ნაკვთის ან ხასიათის გამო მოგწონს, ის ნაკვთი დროთა განმავლობაში დაჭკნება და დაბერდება, ის ხასიათიც შეიძლება შეეცვალოს და საბოლოო ჯამში თუნდაც უერთგულო ამ ყველაფერს, გამოდის, რომ შენ მოკვდავ გრძნობათა ცნებას უერთგულე, ამიტომ სულ მშვენიერი უნდა იყოს ის მშვენიერი, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ყველა ნიუანსს.


- ბოლოს შენი სამომავლო გეგმების შესახებ მინდა გკითხო, რაიმე ახალ სატელევიზიო პროექტში ხომ არ აპირებ მონაწილეობის მიღებას?

 

- თუ მიმიწვევენ, უარი არაფერზე ვიტყვი, თუ ჩემს მორალურ კრიტერიუმებს არ  ცდება. უბრალოდ, „ტიფლისის" შემდეგ კინოინდუსტრია გაჩერებულია თითქოს, თორემ სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, შინაგანად ვგრძნობ, რომ მეტად შემიძლია გავიხარჯო, ვიდრე ახლა ვიხარჯები.


 

 

გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვიდეოვერსიას: 

 

 

 

 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner