logo_geo
eng_logo
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებენ
- +

14 სექტემბერი. 2019. 22:36

 

ბელგიის პროკურატურა საგარეო საქმეთა მინისტრს და ვიცეპრემიერს დიდიე რეინდერსს კორუფციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ტელერადიოკომპანია „RTBF“ იუწყება.

 

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე წლის აპრილში ფედერალურ პოლიციას სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილმა აგენტმა მიმართა და რეინდერსის მხრიდან კორუფციისა და ფულის გათეთრების რამდენიმე შემთხვევის შესახებ განაცხადა.

 

მედიის ინფორმაციით, კერძოდ, საუბარია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში ბელგიის საელჩოს მშენებლობისთვის სახელმწიფო ტენდერის ჩატარებისას დაფიქსირებულ დარღვევებზე, ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაზე.

 

აგენტმა მიმართვაში აღწერა მეთოდები, რომლებსაც დიდიე რეინდერსი და მისი სიძე იყენებდნენ. მათ შორისაა ხელოვნების ნიმუშებისა და სიძველეების გაზრდილი ფასებით გაყიდვა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საეჭვო შეთანხმებები და ფიქციური კომპანიების გამოყენება.

 

წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები, რათა საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცეს.

 

ბრიუსელის პროკურატურაში გამოძიების მიმდინარეობის ფაქტი დაადასტურეს, თუმცა დამატებით დეტალების დასახელებისგან თავი შეიკავეს. რაც შეეხება თავად დიდიე რეინდერსს, მან განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.

 

დიდიე რეინდერსი იუსტიციის საკითხებში ევროკომისარის პოსტზეა წარდგენილი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner